არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რუსეთ-უკრაინის ომს და მის პარალელურად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, საქართველოში გარკვეული პირები მოღალატეს უწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც ფრონტზე არსებულ ვითარებას ობიექტურად აფასებს.
„რუსეთ-უკრაინის ომი და ახალი მსოფლიო
უკვე მესამე წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და არავინ იცის როდის დასრულდება. თუმცა, ამ ომის შედეგებთან დაკავშირებული ანალიტიკოსების მხრიდან გაკეთებული პროგნოზები ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა. გვახსოვს სულსწრაფი და ცხელთავიანი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების სხვადასხვა პროგნოზები - დაწყებული იმით, რომ „რუსები ერთ კვირაში დაიკავებენ მთელ უკრაინას“, დამთავრებული მეორე უკიდურესობით, რომ - „უკრაინელები მსოფლიოს მხარდაჭერით მოკლე ხანში აიღებენ კრემლს, რუსეთი დაიშლება 10 ნაწილად, ანუ აღარ იარსებებს, ჩვენ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“ და ა. შ.
ამ საყოველთაო ბაკქანალიის შედეგი იყო ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას შიდა და გარე „გენიოსები“ მისი მოზომილი პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ და აიძულებდნენ ქართული ძალის უკრაინაში გაგზავნას. ასევე მოითხოვდნენ, უკრაინას იმით მაინც შევეშველოთ, რომ აფხაზეთში და ცხინვალში შევიყვანოთ ჯარები, რათა რუსეთი იძულებული გახდეს აქეთ გადმოისროლოს თავისი სამხედრო ნაწილებიო.
ცოტა რომ დაცხრა ემოციები და ჰორიზონტზე ხანგრძლივი ომის პერსპექტივა დაისახა, ჩვენი ყოვლისმცოდნე წინასწარმეტყველები იმ ხალხს ამუნათებდნენ და ლამის მოღალატეებს ეძახდნენ, ვინც უკრაინის დროშას არ ატარებდა ან არ გაჰყვიროდა ლოზუნგს - „რუსეთი მარცხდება, უკრაინა იმარჯვებს!“
მერე, როდესაც დაანონსებულმა და გაპიარებულმა უკრაინულმა კონტრშეტევამ ჩაილურის წყალი დალია, ეს ლოზუნგი უფრო ფრთხილი ლოზუნგით შეიცვალა - „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს!“. თუმცა, ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას და ვერ ხედავენ იმის წინაპირობებს, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.
რეალობა სწორედ ის არის, რომ ომი რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობს და თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი სრულად დაიკავებს იმ ოთხ რეგიონს (ლუგანსკი-დონეცკი-ხერსონი-ზაპოროჟიე), რომელიც უკვე რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა და კონსტიტუციურადაც დააკანონა.
თუ ასე მოხდა, ეს იქნება რუსეთის დიდი გამარჯვება და ვინაიდან რუსეთი ანტი-ლიბერალიზმთან ასოცირდება, ასევე იქნება თანამედროვე ლიბერალიზმის დიდი მარცხი. ეს კი ბიძგს მისცემს კონსერვატორული ძალების გაძლიერებას მთელს მსოფლიოში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წელს ევროპარლამენტში და 80 ზე მეტ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, მოსალოდნელია, რომ იქაც კონსერვატორული ძალები მოიპოვებენ გადამწყვეტ უპირატესობას. ამას ემატება აშშ-ში კონსერვატორ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური პერსპექტივა, რომელიც ღიად აცხადებს ევროპული სახელმწიფოების მიმართ მკაცრი მიდგომის გატარებას.
თანდათან გასაგები გახდება, რომ იქმნება მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ამის მიხედვით გადააწყოს თავისი საერთაშორისო პოლიტიკა." - წერს კაკაბაძე.