დღეს მისი უწმინდესობის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს.
„ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა.
მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია. მისმა სიბრძნემ, ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა.
ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ერის, სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიმტკიცისთვის დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – წერს ყაველაშვილი.




