მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ისეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, არ მინდა ასეთი ევროპა და ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან, ეს ევროპა არ არის. მე ვიცხოვრე ევროპაში, ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, პრინციპებს – უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრმა რომ კანონპროექტის ინიცირება გააკეთოს, ეს კანონიერია და ვინც ამას ეწინააღმდეგება, მამუნათებს და სტიგმატიზაციას ახორციელებს ჩემს წინააღმდეგ, ევროკავშირი და ელჩები გამოდიან, ეს არის ჩემს უფლებებში ჩარევა და ჩემი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ეს ევროპა არ არის და ეს უნდა ვიცოდეთ, ამის არ უნდა შეგვეშინდეს. მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენს პრინციპებს სწორად გაიგებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ალბათ ცვლილებები ევროპაშიც იქნება.
„ხვალ რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლება შეიცვალოს და რასაც ახლა მოგვიწოდებენ, კანონი დავარღვიოთ, მართლმსაჯულებას სააკაშვილის გათავისუფლება დააძალეთო, შეცვლილი ხელისუფლება რომ მოგვიტრიალდეს და გვითხრას, კანონი დაარღვიეთ და ევროკავშირის წევრობის ღირსი არ ხართო? დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველები არ ხართო? – ჩვენ პრინციპებს ვიცავთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.