„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
„თქვენი აზრით, რა ავალდებულებს ამ 44 ევროპარლამენტარს, როცა ხელს აწერენ მოწოდებას, რომ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ? რა აიძულებთ, რომ ღირსებას, რეპუტაციას, თავიანთ სახელს გვერდზე დებენ? მოდი, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ: ეს არის ის, რამაც მარტის მოვლენები გამოიწვია, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამბები ატყდა. როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეს ნებისმიერი ინსტიტუციის გამჭვირვალობა არ სურდეს, რომელიც მის ქვეყანაში ფუნქციონირებს? მაგრამ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, გადაწყვიტეს, რომ თურმე მათი საქმიანობა არ შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს და ამიტომ გამოიწვიეს ასეთი ვნებათაღელვა.
საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს 44 ევროპარლამენტარი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება. ამერიკაში ეს საკითხი არ იმალება, ევროპის დეპუტატებთან კი გასარკვევია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩავეძიებით, ევროპელებთანაც ვნახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის ლობიზმში მათთვის გადახდილია თანხები. ეს ადამიანები სხვადასხვა საკითხზე არიან ხელმომწერები იმიტომ, რომ ჩართულნი არიან ლობიზმში და მათთვის გადახდილია თანხა. მათ სულ არ ანაღვლებთ, საქართველოში როგორ შეაფასებენ. ფიქრობენ, რომ არავინ იცნობს მათ საქართველოში, შეგროვებულია მასალა, რაზეც ხელი უნდა მოაწერონ და რა უჭირს, თუ ამაში თანხას აიღებენ? თან, ეს ყველაფერი იქ კანონიერად არის და მხარის დაჭერა თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას აღარ გაუჭირდება, რომ მარტივად შეაფასოს ყველაფერი.
„ხალხის ძალა“ არ მოვერიდეთ კრიტიკას, მათ შორის, ევროპარლამენტარების და ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდეთ. სიმართლეზე დავიწყეთ საუბარი და ყველაფერი მკაფიო გავხადეთ. აშშ-ის FARA-ს კანონით ისიც გავიგეთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ გადახდილი პიარ-ჯგუფისთვის. სააკაშვილზე დადგმული რეპორტაჟები გავიდა CNN-ზე და BBC-ზე, რისთვისაც მან წინასწარგანზრახვით, წვერი მოუშვა, „ბომჟს“ რომ დამსგავსებოდა. ამ სიუჟეტებს მთელ მსოფლიოში ყველა მედიასივრცე აქვს მოვლილი. ეს შეკვეთილი სიუჟეტებიც ვამხილეთ. შესაბამისად, აღარაფერი დარჩა ღირებული და ავტორიტეტი, რომელთანაც დაპირისპირება არ შეიძლება. დღეს მით უმეტეს, სოციალურ ქსელების ეპოქაში, შეუძლებელია რაიმეს დამალვა.“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.