„ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები; გვერდით დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ამ პერიოდში ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნო, რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე იცავდეს და უფრთხილდებოდეს თავის წილ საქართველოს, ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით და იდგეს სამშობლოს სამსახურში. ამ პროცესების გააზრება გვარწმუნებს, რომ სამშობლოზე ზრუნვა, მოფრთხილება საჭიროებს მუდმივ, უწყვეტ პროცესს ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, წინ გველის უფრო დიდი აღმავლობის, გაძლიერებისა და გაერთიანების პერიოდი. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, კვლავ გვჭირდება სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ერთობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.