„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ  აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას - საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში - მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით - მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.