ნახევრად ხუმრობით უნდა ვთქვა, ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ და, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლაც რეალობა აღმოჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ასე თუ განვეწყობით და ვიტყვით, კარგი არჩევნების ჩატარება გულისხმობს იმას, რომ შედეგი უნდა იყოს ეს და ეს და არა ის, რასაც საქართველოს ამომრჩეველი ინებებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდებით. მთავარია, რეზულტატი იყოს ის, რასაც ინებებს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. რამე თუ გავამრუდეთ და გავაფუჭეთ, რასაკვირველია, პასუხი უნდა ვაგოთ, ეს უნდა იყოს უკმაყოფილების მიზეზი და არა იმ გადაწყვეტილების შინაარსი, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოსახლეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან დაიწყო ამაზე საუბარი. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და იყო საუბარი, აქცენტი კეთდებოდა კოალიციებზე, კოალიციის საჭიროებაზე. ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება შედეგი და ამიტომ წინასწარ სცენარს ნუ გაუწერენ ქართველ ამომრჩეველს, როგორი უნდა იყოს შედეგი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ ახსნის „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუ ასეთი რამ მოხდა და იქნება თუ არა დასავლელი პარტნიორებისთვის დამაჯერებელი ის, რომ ოპოზიცია სუსტია და ის „ქართულ ოცნებას“ ოპონირებას ვერ უწევს, მაშინ როდესაც არსებობს შენიშვნები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რაც მოგვარებას საჭიროებს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც დააკვირდებიან, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემოს, უკლებლივ ყველაფერს, კენჭისყრის დღეს და ეს მოგვცემს შედეგს.
„მე, რა თქმა უნდა, შევეცდები, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენ ვართ უკეთესი პოლიტიკური გუნდი, იმავეს გააკეთებს მთელი ჩემი გუნდი და საპირისპიროს ეცდება ოპოზიცია. ეს ყველაფერი ვის უკეთ გამოუვა, გამოჩნდება. იმის გამო, რომ შეიძლება, მაგალითად, უფრო მეტად მოსალოდნელია, ვინმესთვის სასურველი იყოს კოალიციური მთავრობა, მე ჩემს ამომრჩეველს ვერ ვეტყვი, რომ ხმა არ მომცეს. ასეთი დამოკიდებულება არ იქნება სწორი. არ გეგონოთ, რომ ვხუმრობ. მაშინ, უნდა გავაჩინოთ ასეთი შესაძლებლობა, რომ მიღებული ხმა ოპოზიციას გადავულოცოთ, ან რაღაც, მაგრამ ასე არ ივარგებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციამ საკუთარ შეცდომებს უნდა გადახედოს.
„უბრალოდ, ჩახედონ საკუთარ შეცდომებს, იმავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხაბეიშვილი ამას წინათ ლაპარაკობდა, რომ, ჯამში, 16% გვაქვსო. კლებადია თან, დღევანდელი ამბებიც მიუმატეთ და ეს ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვება. შეცდომები, რომლებსაც უშვებენ, რა თქმა უნდა, ასე უფასოდ არ მიდის და ამაში დიდი პოლიტიკური საფასურის გადახდა უწევთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, 5%-იან ბარიერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.
„ასეთ პოტენციალს ვერ ვხედავ ამის 2 და 3%-მდე დაყვანის შემთხვევაში და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? რატომ უნდა წავართვათ ქვეყანას დემოკრატიული პროცესის განვითარების შესაძლებლობა, მარტო იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭირს 100 000 მხარდამჭერის მოგროვება? არ ვარგა ასე მსჯელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.