მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მის სასამართლო პროცესში ჩართვისას განაცხადა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან.
"საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, როგორც არასდროს ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს, ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო მხარდაჭერისგან და ახლა ცდილობენ რო გაგვყონ და დაგავანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ყოველ დროს ამერიკა არის ერთი თაობის იქით, თავისუფლების დაკარგვისგან. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა დამოუკიდებლობას.
ახლა უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. ეს ახალგაზრდები არ სვამენ კითხვას, თუ რა იქნება მათი ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოში, ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო. ისინი არ წვრილმანდებიან კარიერულ და პირად ეგოისტურ მოსაზრებებზე.
მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე როდესაც იწყებენ ისევ ლაპარაკს პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე. ვის გაახსენდება თქვენ პარტიები და თქვენი პროგრამები. ჩვენ დღეს გვჭირდება როგორც არასდროს ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.