ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ნამდვილად საერთო-სახალხო რევოლუცია. თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, ეს იყო ეროვნული მოძრაობის გამოძახილი, მაგრამ მასშტაბი რაც არის დღეს, აღემატება იმას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. სამშობლოს სიყვარული არის ძალიან ძლიერი გრძნობა. არანაირ სახლებზე, სასახლეებზე ეს არ იცვლება. არანაირ შემოსავლებზე, ფუფუნებაზე, მოგზაურობაზე ეს არ იცვლება. მე გადავდე ჩემი თავი სამშობლოსთვის და სწორედ ამის გამო, სამ წელიწადზე მეტი ხანია, არ მინახავს ცა, მზის სხივი არ მინახავს, არ ჩამისუნთქავს სუფთა ჰაერი.

ჩემი კონცეფცია არის თავისუფალი ადამიანი. თავისუფლება, როგორც ადამიანის უმაღლესი ფასეულობა, რადგან მხოლოდ ის იძლევა ქვეყნისა და ადამიანის განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. არაფერი ისე არ ფასდება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ვიყოთ ძალიან ფხიზლად. 20 იანვრამდე ისინი შეეცდებიან, ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. ჩვენ ახლა ვართ უპატრონოდ დარჩენილი, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჩავარდნილი, სრულიად დაუცველები ვართ. თუკი რაიმესთან გინდათ შედარება, 7 ნოემბერს კი ნუ ადარებთ, „ვარდების რევოლუციას“ შეადარეთ. ახლა, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე.

უნდა დავჩქარდეთ, უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის 20 იანვრისთვის. უნდა გვესმოდეს, რამხელა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი. მინდა, გითხრათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, კარგად ვხედავ საქართველოს, ქართული საზოგადოება დღეს არის ლიდერი, ქართული საზოგადოების თავისუფალი ნაწილი. მეც პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ქართული საზოგადოების გათავისუფალებაში.

პოლიტიკურ გარჩევებზე ახლა აღარ ვლაპარაკობ. ვნახე, ხალხი გამოდიოდა ლოზუნგებით, რომ ვეძებთ ახალ პოლიტიკოსებს. საჭიროა ახალიც, ძველიც, ყველა გამოსაყენებელია, ოღონდ არა ერთმანეთისთვის კიდევ რაღაცის დასაყვედრებლად. ძალიან კარგად დაწერა მაკო გომურმა, გახარიასთან ერთად გამოვდივარ აქციებზე, თქვენ რითი ვერ დაივიწყეთ ეს ძველი რაღაცებიო? ძალიან მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ჩემი ბევრი ძველი ოპონენტი ახლა დგას ქუჩაში დემოკრატიისა და საქართველოს გადასარჩენად. არანაირი საყვედური თქვენ მიმართ არ მაქვს. მინდა, ვუთხრა ზოგიერთ თქვენგანს: ბევრი ძალიან საღად აზროვნებს – ახლა, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.