ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას ეროვნული კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და კინემატოგრაფების პროტესტს გამოეხმაურა.

მისი აზრით, "არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა" წამოიწყეს პროცესი, თითქოს მათ შემოქმედების შეზღუდვას უწესებენ.

მისივე განმარტებით,  თანამედროვე ქართულ ფილმებში გაუჭირდა ისეთის ნახვა, რომელიც მისი აზრით, ადამიანს არ დააზიანებს, რადგან აწყდებოდა უხამსობას და იდეოლოგიურ დივერსიებს.

"გუშინ შევხედე ტელევიზორს და მოკლედ არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არც ერთი არ ვიცით ვინ არის, საერთოდ, და თუ ვინმეს უნახავს კიდევ ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა რა. როგორი რაღაცაა, იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაცი შვილმა არ იცის რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი ხოლმე, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. და ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ, სულ რაღაც ან რაღაც ისეთია, ნარკომანია, რომელიც ფაქტობრივად დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება. თქვენ რომ იცოდეთ ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას რა უნდათ იცით, ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი აქვს,იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს, ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლჭპტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, ანუ ქალი რაღაცა იქით-აქეთ, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს, და უნდა იბრძოდე, მთელი სულისკვეთება ბრძოლისა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, რომ ამისი გამარჯვება მოხდეს და ღმერთზე ხსენება არ შეიძლება", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.