„17 მაისს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავდა, ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად ვიმყოფებოდი, როცა რადიკალური აქტივისტები დაგვესხნენ თავს. 17 მაისის ინციდენტით  მინდა ყურადღება გავამახვილო დესტრუქციული ძალების მიერ ორგანიზებულ პროცესებზე, პროტესტის ფორმებსა და აქციებზე, რომლებიც ნორმად იქცა დღეს ჩვენს სინამდვილეში და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება“,-  ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით,  თავდასხმის დროს რადიკალურმა აქტივისტებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის სხვადასხვა მუხლი დაარღვიეს. 

„მათი მოქმედება იყო ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლის უხეში დარღვევა: ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობის ყველა ფორმისაგან; ბავშვის დისკრიმინაცია მშობლის საქმიანობის გამო დაუშვებელია; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი და ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც უნდა იყოს დაცული; ბავშვს აქვს უფლება უვნებელ გარემოში იცხოვროს; და ბავშვის გადაღება მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. ეს არის არა მხოლოდ დისკრიმინაცია და საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ასევე ღირებულებებზე თავდასხმა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

როგორც მან აღნიშნა დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.

„მიუხედავად ამდენი კანონის დარღვევისა, ისინი, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან, მაინც შეეცდებიან თავისუფლების შეზღუდვად მონათლონ კანონიერი ქმედებები. ამიტომ ნება მომეცით განვმარტო: თავისუფლება ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვას, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ყველგან ხედავს და არსად შეზღუდული არ არის, იქნება ეს ღია სივრცეები, სოციალური ქსელები თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმები, თავდასხმები კი არ უნდა აგვერიოს თავისუფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციაში საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დამამძიმებელი გარემოებაა, თუ ეს ხდება ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.

„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის, კანონიერი ვალდებულებაა უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და, რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი. მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვანების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა. მაშინ, როდესაც რადიკალიზმის სისტემური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოების გაერთიანება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად გვაქვს კონსტიტუციურად დაცული. ამ ამორალურობას ვერ და არ დავამკვიდრებინებთ საქართველოში. ჩვენი ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ უსაფრთხო და ღირსეულ მომავალს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.