პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, რადგან მას როგორც საუკეთესო პიროვნული თვისებები, ისე პროფესიონალიზმი გააჩნია.
„[ირაკლი კობახიძე არის] ადამიანი, რომელსაც უნდა ვუსურვოთ წარმატება და დარწმუნებულებიც ვართ, რომ წარმატებული იქნება. [პრემიერ-მინისტრი] უნდა გამოირჩეოდეს საუკეთესო პიროვნული თვისებებით - სამშობლო უნდა უყვარდეს, წესიერი ადამიანი უნდა იყოს. ეს თვისება განსაკუთრებულად ჩანს და ოპონენტებიც კი ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს ცუდს მის [კობახიძის] წესიერებაზე, პროფესიონალიზმზე. საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, შეიძინა, დააგროვა უდიდესი გამოცდილება. ირაკლი კობახიძემ მოახერხა 40 000 -ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა, სადაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო მენეჯმენტი.
განსაკუთრებული უნარი აქვს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს რთულ სიტუაციებში. მან შემოიტანა ეს ნიშა პოლიტიკაში და ამასთან, ყველა ჟურნალისტი და ოპონენტი აღნიშნავს, რომ მასთან პირადი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. ყველა ეს უნარი და გამოცდილება, რაც ირაკლი კობახიძეს ამ დრომდე დაუგროვდა, მართვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება - მმართველ გუნდს აძლევს საშუალებას დარწმუნებით თქვას, რომ ის შეძლებს მთავრობასაც ისევე წარმატებით უხელმძღვანელოს, როგორც ეს წინა სხვა პოზიციებიდან შეძლო“, - აღნიშნა მდინარაძემ.