ტყუილია ის ამბავი, რომ რეკონსტრუქცია იყო. მარტივად დამტკიცებადია, რისი რეკონსტრუქცია მოხდა? არაფრის რეკონსტრუქცია არ მომხდარა, ე.ი. ყალბი საბაბით გააჩერეს უბრალოდ ამ გადაწყვეტილებების ატვირთვა. ჩვენც მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ხდება რეკონსტრუქცია, რა იყო მოტივი - გამოჩნდება დროთა განმავლობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მდინარაძემ უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მთავრობის განკარგულებების ნაწილი ვებგვერდის რეკონსტრუქციის გამო არ გამოქვეყნდა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გახარიას გუნდმა იცრუა და ამას ადასტურებს მათი რეაქციაც, ვინაიდან თავის მართლება დაიწყეს.
"ეს სამწუხაროდ, არ არის ერთი კვირის და ერთი თვის ამბავი, შეიძლება მომავალში გამოჩნდეს, მაგრამ რეალურად, მათ იცრუეს, მაშინაც გუნდის შიგნით და ახლაც, საჯაროდაც, რომ რეკონსტრუქცია იყო ამის მიზეზი. არანაირი რეკონსტრუქცია, შედით ახლავე საიტზე და ნახავთ, რომ არანაირი რეკონსტრუქცია იმ საიტზე არ განხორციელებულა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და დაიწყეს თავის მართლება, არადა უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც კი გვეუბნებოდა, რომ რეკონსტრუქცია მიდის და ეს გაიწელა დროში." - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის განკარგულებები თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საჯარო გახდება