წიქარიშვილი საკმაოდ განათლებული ადამიანია და ვფიქრობ, არ მოგიწონებდათ მის სასარგებლო ასეთ კითხვას, რადგან თუ კონკურსით გავიდა, იმ კონკურსის ფორმალური ნაწილი დაცული უნდა ყოფილიყო, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს.
მისივე თქმით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ კონკურსის პირობები დაირღვა. იგი აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დანიშნა. მიმდინარე წლის 22 ივლისს კი, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება გაასაჩივრა.
„თუ კონკურსის ჩატარების ფორმალური მხარე დაცული იყო და სასამართლომ განაცხადა, რომ არ იყო დაცული, მაშინ ამ შემთხვევაში გიდასტურებთ, თქვენი ეჭვი არის ლეგიტიმური. მაგრამ, თუ ფორმალური მხარე არ იყო დაცული, დარღვეულია და სასამართლომ სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინ თქვენი ეჭვი კი არ არის, ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ტყუილის სახით თავს ახვევთ საზოგადოებას.
შეისწავლეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და თუ ფორმალობა დაცული იყო და სასამართლომ თქვა, არ იყო დაცული, მაშინ მე გიდასტურებთ, თქვენი ეჭვი ლეგიტიმურია. ლოგიკა ის არ არის, რომ კონკურსის გარეშეც შეეძლო დანიშვნა, მაგრამ რადგანაც კონკურსით გადაწყვიტა, კონკურსის ფორმალური მხარე ხომ უნდა დაეცვა?!
ეჭვი რაზე შეიძლება გამოითქვას, იცით? პრეზიდენტს შეეძლო დაენიშნა კონკურსის გარეშე. არ დანიშნა, დისკრეცია არ გამოიყენა. კონკურსი ჩაატარა და იქ დაარღვია, როდესაც შეეძლო მარტივად გაეტანა. შესაძლოა, წინასწარ დადგმული სცენარი იყოს - ვარღვევ, სასამართლო ამაზე იტყვის, რომ დაირღვა და შემდეგ ვიყვირებ, რომ არიქა, უფლება წამართვეს. ამას თქვენ ახმოვანებთ“, - მიმართა მდინარაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.