ოპოზიციის კონფიგურაციას გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ, სავარაუდოდ გახარიას დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს, რადგან ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ მიუახლოვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის კონფიგურაციას თავად ოპოზიცია არ წყვეტს, ამას მათთვის გარე დავალებების მიმცემები წყვეტენ. რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ მესიჯი გატესტა – „ლელო“ განაცებას უნდა გადავარჩინოო და რა რეაქციაც მიიღო, იმის გამო გაერთიანებისგან თავი შეიკავეს, ყველა მიხვდა, რომ ასეთი ზედმეტი პრინციპულობაც არ ვარგოდა. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გახარიასთვის გადანახული ანა დოლიძისა და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს. რეიტინგებს გატესტავენ და ახალ დავალებას მისცემენ. სავარაუდოდ გახარიას დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს, რადგან ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ მიუახლოვდება. ეს არის ვერსია, რასაც შეგვიძლია, ვენდოთ ან – არა. თავისი ნებით არ მოქმედებენ და ეს არის მოცემულობა. შიგნით რა დინებებია, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საერთო პატრონი ჰყავთ და ამ მიზნით მოქმედებენ. ანა დოლიძე პოზიციონირებს რომ მთელი ცხოვრებაა, თაღლითებს, მევახშეებს ებრძვის და ხაზარაძეს შეუერთდა. ახლა თუ გახარიას შეუერთდება, ამ პარტიას პრინციპულები დაერქმევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.