ვცდილობთ, პატარა პარტიებსაც ბიუჯეტიდან რაღაც დაფინანსება ჰქონდეთ, რათა განვითარების თუ რამე შანსი აქვს პარტიას, ეს შანსი გამოიყენოს. ასე თუ არ უნდათ და თავი მართლა ძლევამოსილებად წარმოუდგენიათ, ამ ინიციატივის ირგვლივ გაერთიანდნენ და ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა „გირჩის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პარტიები, რომლებიც 5%- იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ბიუჯეტიდან არ დაფინანსდნენ.
„ცოტა უნდა მოუკლონ რაღაც-რაღაცებს და სხვებსაც ნუ აწევინებენ, ასეთი რჩევა მექნება. რაც შეეხება სერიოზულ კომენტარს, ამ შემთხვევაში, მართლა ვერ ვხვდები მათ მოტივაციას. ეს ერთ-ერთი პიარული სვლაა. ჩვენ ვცდილობთ, პატარა პარტიებსაც ბიუჯეტიდან რაღაც დაფინანსება ჰქონდეთ, რათა განვითარების თუ რამე შანსი აქვს პარტიას, ეს შანსი გამოიყენოს. ასე თუ არ უნდათ და თავი მართლა ძლევამოსილებად წარმოუდგენიათ, მიაჩნიათ, რომ ხუთი პროცენტის გადალახვის შანსი აქვთ, ამ ინიციატივის ირგვლივ გაერთიანდნენ, მოვიდნენ ჩვენთან, შემოგვთავაზონ, თუნდაც სატელევიზიო ფორმატში ან პირადად და შემდეგ ვიმსჯელოთ ცოტა სერიოზულად. შესაძლოა, ეს ნახევრად ხუმრობით იყოს ნათქვამი, შესაძლოა, სერიოზულადაც გადავიდეთ ამ საკითხზე, ოღონდ რამდენიმე პარტია გაერთიანდეს ამ საკითხის ირგვლივ და თქვას, რომ პარტია ხუთპროცენტიან ბარიერს თუ არ გადალახავს, მაშინ ის დაფინანსებას არ მიიღებს. რამდენად სერიოზულად მოეკიდებიან დანარჩენები, ბევრი რამ გამოჩნდება აქედან. ყველა იქაჩება ხუთი პროცენტის გადალახვაზე და შემდეგ მათ სხვა მესიჯებში აშკარად ჩანს, რომ არც ერთი გადამლახავი არ არის, ისინი საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძვიან და არა სხვა წარმატებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.