უკვე დეტალურად მიდის მუშაობა და მსჯელობა საბიუჯეტო მიმართულებით თითოეულ სფეროსთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გაისად ჩვენი დაპირებების მაქსიმუმი შევასრულოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის კომპონენტშიც მართლები ვიყოთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„შემდეგი წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამას სჭირდება ბიუჯეტის ის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის შემადგენლობის, ამ შემთხვევაში კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე. უკვე დეტალურად მიდის მუშაობა და მსჯელობა საბიუჯეტო მიმართულებით თითოეულ სფეროსთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გაისად ჩვენი დაპირებების მაქსიმუმი შევასრულოთ იმისთვის, რომ კეთილდღეობის კომპონენტშიც მართლები ვიყოთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ყოფა, მატერიალური კეთილდღეობა, ეკონომიკური წინსვლა, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციების პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა დაგვედო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.