„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება.
მისივე განმარტებით, უმძიმესი ბრალდებაა, თითქოს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკისებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო გუშინ. ერთი – ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის; მეორე – ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას. შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ის იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტისადმი ასეთი განცხადების საფუძველი, მაშინ როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკისებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ იმავე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ, ყველას, დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კი არა, არც ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს. ბნელი მტკიცებულება შეიძლება დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ რაღაც ფეიკებს თუ არაფეიკებს. თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა. თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, ჩვენ აზრზე არ ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი. კეთილი ინებონ და ეს ნათელი მტკიცებულებები წარმოგვიდინონ ჩვენც, ან პროკურატურას, რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, ან გაასაჯაროონ და წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება, სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ის პრეზიდენტს იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ, ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ. ამიტომ სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ჩვენ ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.