„საქსტატის“ მონაცემები შეესაბამება იქ მცხოვრები, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„მინდა, გამოვეხმაურო ოპოზიციის მიერ წარდგენილ რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას. მაგალითად, აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ, როგორ ხდება, რომ საქსტატის მონაცემებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს ადგილზე, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობსო. აღწერის მიზნით, მივიდა ცაგერში მცხოვრებ ოჯახში საქსტატის წარმომადგენელი, დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი. თუმცა, ამ ოჯახში ჩაწერილია, ვთქვათ, 10 ადამიანი, შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენები და მისცეს ხმა. შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს, როგორ, ორი ადამიანი ცხოვრობს და ათმა როგორც მისცა ხმაო. ანუ საქსტატის მონაცემები შეესაბამება მაცხოვრებელი, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.