ნაცმოძრაობის ტელევიზიები ატრიალებენ გიორგი ვაშაძის მიერ წარმოდგენილ რაღაც ვიდეოს. მათი მტკიცებით, ამ ვიდეოში აპარატში განთავსება ხდება ერთი და იგივე პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ან საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, ან მათი მხრიდან კიდევ ერთ ტყუილთან. მდინარაძე მოუწოდებს ყველა ჩართულ პირს, რომ თქვან, რომელ უბანზე მოხდა ეს შემთხვევა, რათა შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდეს. ამასთან, ის მათ მოუწოდებს, რომ მივიდნენ შესაბამის საგამოძიებო უწყებაში და მისცენ ჩვენება.

„არ ვაპირებთ ის სიბინძურე გავატაროთ, რასაც 2 დღეა კადრულობს ბატონი გიორგი ვაშაძე. ორი დღეა, ნაცმოძრაობის ტელევიზიები ატრიალებენ მის მიერ წარმოდგენილ რაღაც ვიდეოს. მათი მტკიცებით, ამ ვიდეოში აპარატში განთავსება ხდება ერთი და იგივე პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის. მივმართავთ ბატონ გიორგის და მის თანამზრახველებს: ორი ვერსიაა, სამი ვერ იქნება - ან საქმე გვაქვს დანაშაულთან, როდესაც კონკრეტული ადამიანი აყალბებს არჩევნებს, ან გიორგი ვაშაძე იტყუება და საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც დღის ბოლოს, კომისიის წევრი აპარატში ათავსებს გადასატანი ყუთის რამდენიმე ბიულეტენს. ეს ხდებოდა ყველა იმ უბანზე, სადაც გადასატანი ყუთი არსებობდა. ან გამოჩნდება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთ უბინძურეს ტყუილს ჰკადრებენ, ან დანაშაულთან გვაქვს საქმე. მოვითხოვთ მათგან, ეს ვიდეო, რომელსაც ატრიალებენ ყველა ოპოზიციური მედიის ეთერებში, თქვან რომელი უბნიდან არის, რომ შევძლოთ იდენტიფიცირება, რასთან გვაქვს საქმე. მათ მიერ დადგმულ სპექტაკლთან, ტყუილთან და მდაბიო ფეიკთან, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან. ასევე, კეთილ ინებონ და მივიდნენ შესაბამის ორგანოში და მისცენ ჩვენება, რომ მათ აღმოაჩინეს სისხლის სამართლის დანაშაული ამა და ამ უბანზე, რომ ერთი ადამიანი რამდენიმე ბიულეტენს ათავსებს აპარატში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.