არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის, ტყუილად დასანქცირების, გარედან შემოტევების სხვადასხვა გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლია გარედან განცხადებები, სანქცირებები, მაგრამ ყველა მაშველ რგოლს ხავსის ძალა აქვს და არაფერი ეშველებათ.

„ოპოზიციას ხალხთან არანაირი სალაპარაკო არ აქვს, ისინი ელაპარაკებიან სხვა ქვეყნებიდან. მათი პატრონების არაფორმალური გავლენები იმდაგვარია, რომ ახერხებენ სანქცირებას, მართალია, ხშირ შემთხვევაში უსახელო სანქცირებას, მაგრამ მათ შორის, კონკრეტული სახელებითაც, რაც უდიდესი შეურაცხყოფაა ინსტიტუტის, პოლიციის. მთავარი კითხვაა და საზოგადოებამ ამ კითხვაზე თავის თავთან უნდა გასცეს პასუხი, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი სანქცირება იყო, იმის შემდეგ დაასანქცირეს სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სპეციალურად არიეს „ალტინფოს“ ხალხში, რომ საერთო ასოციაცია შექმნან. რა შეიცვალა? ერთადერთი რამ, მოახლოვდა არჩევნები. არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის, ტყუილად დასანქცირების, გარედან შემოტევების სხვადასხვა გზით. დასასანქცირებელი თუ იყო, პირველ სანქცირებაზე რატომ არ დაასანქცირეს სპეცრაზმის ხელმძღვანელი? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ არჩევნები არ იყო, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული მათი მხრიდან. ხალხთან ვერ მიდიან,  ელემენტარულად, ველზე არ არიან გასული, წავლენ სადღაც 30 კაცს დააყენებენ, მერე „ტვ პირველის“ პროფესიონალი ოპერატორი გადაიღებს ფართომასშტაბიანი აქციასავით ამ კადრს, დადებენ სოციალურ ქსელში, დაბუსტავენ და ეს არის მათი პიარკამპანია. ხალხთან ვერ ჩადიან, მხოლოდ თავის მეზობლებთან და ნათესავებთან ერთად გადაიღებენ სელფს. ერთადერთი მაშველი რგოლია გარედან განცხადებები, სანქცირებები და სხვადასხვა მოქმედებები, ამაზე არიან ჩამოკიდებული. ყველა ეს მაშველი რგოლი არის ხავსის ძალის, მათ არაფერი ეშველებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი მიხვდა, რაც უფრო მეტი იქნება გარედან ზეწოლა და ჩარევის მცდელობა საქართველოს არჩევნებში, ქართული საზოგადოება მით უფრო ხისტი იქნება ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.