კრიტიკის არ მეშინია, მაგრამ როდესაც თავდასხმა იწყება შეურაცხყოფით, ეს არის დიდი პროვინციალიზმი, აქ არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ დაბადების ადგილს. ეს არის პროვინციალიზმი, რომლითაც იმართება დღეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„მე არ ვიცი რამ გააღიზიანა ეს ხალხი („ოცნება“). მათი ბილწსიტყვაობა ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი და სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მე კრიტიკის არ მეშინია და არცერთ კითხვას და წინააღმდეგობას არ გავქცეულვარ, მაგრამ როდესაც თავდასხმა იწყება შეურაცხყოფით, ეს არის დიდი პროვინციალიზმი, აქ არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ დაბადების ადგილს. ეს არის პროვინციალიზმი, რომლითაც იმართება დღეს ქვეყანა.

როდესაც ქალაქის მიერ არჩეული მერი ასე მეტყველებს, ყველა ქალაქელი უნდა დაფიქრდეს, იქ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ასეთი პროვინციული აზროვნების ადამიანი ხელმძღვანელობს ჩვენს ქალაქს და ასამარებს მის ლანდშაფტს, ისტორიულ მდგომარეობას და გამოუსწორებელ ბეტონიზაციას აკეთებს ჩვენი ქალაქის. არაფერს ვლაპარაკობ პარლამენტში მსხდომ ადამიანებზე, რომლებიც პასუხის ღირსიც არ არიან. ამიტომ კითხვა, რატომ გაღიზიანდნენ, უნდა დავუსვათ მის ბატონს. ეს ადამიანები სამწუხაროდ არ არიან თავისუფლები, ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანი თავის ბედს ჩააბარებს ერთ ადამიანს, იქ მთავრდება ყველაფერი. 

ჩვენ ხომ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის სულამოცლილი პოლიტიკოსები, რომლებსაც როგორც კი აღარ დასჭირდება გადააგდეს ხოლმე და ამათაც ვნახავთ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა ხაზარაძემ.