უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგი დინამიკით ვითარდება, გვაქვს სერიოზული გეგმები, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნა იგეგმება, რაც ასევე იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„კონფერენციის ფარგლებში მექნება შეხვედრები ჩემს კოლეგებთან. უკვე მქონდა შეხვედრა მასპინძელ უზბეკ კოლეგასთან. უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კარგი დინამიკით ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შუა დერეფნის განვითარების კონტექსტშიც. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით, თუ რა მიმართულებით შეიძლება, განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. უახლოეს მომავალში საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნა იგეგმება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და გვაქვს სერიოზული გეგმები, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააღრმავებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვანია უზბეკეთის როლი ცენტრალური აზიის რეგიონში. უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში და ორივე ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც მომავალში უნდა წარიმართოს ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სამარყანდში იმართება იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესია, რომელშიც ორგანიზაციის 194 წევრი და 12 ასოცირებილი ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.








