ბულგარეთის მხარდაჭერა არის ცალსახა, მკაფიო და ამ თვალსაზრისით, შეიძლება, მშვიდად ვიყოთ, რომ ბულგარეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არა მხოლოდ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მთავარია, შეიქმნას ორმხრივი ურთიერთობების ის მყარი საფუძვლები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.
„ეს არის სწორედ მხარდაჭერის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ გვჭირდება ბულგარეთთან. ვინაიდან საქართველოც და ბულგარეთიც შავი ზღვის ქვეყნებია, შავი ზღვის მნიშვნელობა ნამდვილად გაზრდილია, ევროპისთვის დღეს მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და აქედან გამომდინარე, შავ ზღვაზე თანამშრომლობა განსაკუთრებული პრიორიტეტია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ბულგარეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გარეშე, შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა.
სწორედ ამიტომ, შავ ზღვაზე თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი ის საკითხია, რაც განიხილება საქართველოსა და ბულგარეთს შორის. პირველ რიგში, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და გაღრმავება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს ვიწრო და ფართო გაგებითაც, რაც ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის, ევროპული ეკონომიკური კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს არის საქართველოს როლი და ფუნქცია, წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით და ჰქონდეს განსაკუთრებული ღირებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც საქართველოში, ასევე სოფიაში ორმხრივი ვიზიტების გაცვლით და ხელშეწყობით სხვადასხვა სფეროში კავშირების გაღრმავებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.