რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რა არის ოკუპაცია და რისი გამკლავება გვიწევს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ათენში მიმდინარე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, 6 ნოემბერს მომხდარი უმძიმესი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო.
„ეს აჩვენებს, რამდენად დაუცველი ვართ, როდესაც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან, მიუხედავად ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა. საქართველო ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყანაში. ჩვენთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად და აგრესიის შესაჩერებლად. აუცილებელია, გვახსოვდეს ის, რასაც ამჟამად ვხედავთ უკრაინაში, არის იგივე ქმედებების გაგრძელება, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში უკვე 30 წელია. რუსეთის იმპერიული ამბიციები დღემდე ასუსტებს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ არა რუსულ ოკუპაციას ჩვენი ასამბლეის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.