2025 წლის 22 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, და რეგიონული მშვიდობის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
მინისტრები მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას, კერძოდ, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის, როგორც სტრატეგიული მარშრუტის განვითარების კონტექსტში.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მკაფიოდ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატზე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
რეგიონულ ჭრილში, დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ეს იყო აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზაობას, ხელი შეუწყოს რეგიონში კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას.