სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარული სესიის ფარგლებში დებატები გაიმართა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, რომელშიც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
მისი განცხადებით, საქართველო უდასტურებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. საუბრის თემა ეხებოდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლს პასუხისმგებლობის დაკისრებაში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიით გამოწვეული ზიანის აღწერას.
„ვიდრე გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას ამ მხრივ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლის შესახებ, საქართველოს დელეგაციის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აღსანიშნავია, რომ განუზომელია ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღწერაში. ადგილობრივ ხელისუფლებებს ყველაზე კარგად ესმით ის საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც მათი მოსახლეობა დგას. ადგილობრივი მმართველობის სპეციფიკა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სიახლოვე დიდად ეხმარება ცენტრალურ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას იმ ზიანისთვის, რაც აგრესიამ მოიტანა. ადგილობრივი ხელისუფლებები არიან ამ ინფორმაციის პირველი წყარო, ვინაიდან ისინი ყოველდღიურად მუშაობენ დაზარალებულ პირებთან და ოჯახებთან, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს მათ საჭიროებას სამართლიანობის აღდგენის უფრო ფართო ძალისხმევაში.
რაც ყველაზე მთავარია, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების აღდგენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, რომ მოხდეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება. ამდენად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ ამ უდიდეს ძალისხმევას, ამ გამოწვევებით სავსე კონტექსტში“, -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანმა სესიის ფარგლებში ასევე მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს სამიტის შედეგების შესახებ დებატებში. შეგახსენებთ, რომ საკითხები, რომლებზეც ამ დებატებზე ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა, გაეროს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სექტემბრის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი იყო უნიკალური შესაძლებლობა სტრატეგიად ვაქციოთ ურთიერთგადაჯაჭვული კრიზისების, კოვიდ-19-ის პანდემიის გახანგრძლივებული შედეგების და ურთიერთგადამკვეთი სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხო სავარაუდო ქმედებები. მან სესიის მონაწილეებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.