„ოპოზიცია 2012 წლიდან არის ისტერიკაში და ვერ ხვდება, რომ ამან არ გაამართლა. კოლეგებო, ისტერიკით ვერანაირ შედეგზე ვერ გახვალთ“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, გააკეთა.
მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება საკრებულოში და ზოგადად პოლიტიკაში, არის ერთიანი ისტერიკის გაგრძელება, რაც გასული წლის მოვლენებით არის გამოწვეული. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ის ნარატივები, რომლებზეც ოპოზიციამ წლობით იმუშავა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით ერთიანად ჩამოიშალა.
„ამას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც დაემატა და ამან სულ გადარია ეს ხალხი. შედეგად ახლა ცხადი გახდა, რომ ოპოზიცია ხან წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე და ხან „ქართუს“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე იყვირებს. ამას უნდა შევეჩვიოთ, რადგან მათ სხვა გზა აღარ აქვთ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიცია თან ამბობს, რომ მერია კორუფციაშია შესული კომპანიებთან და თან ამ კომპანიებს კონტრაქტს უწყვეტს.
„გახარიას პარტიისგან საეროდ საოცარი რაღაც მოვისმინე, თურმე რეაბილიტაციის დროს არ უნდა გადათხარო ქუჩა და მილი არ უნდა გამოცვალო. კი ბატონო, ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, გზა გადაეგებოდა და მერე ეს გზა ვარდებოდა იმიტომ, რომ კომუნიკაციები არ იცვლებოდა. სამაგიეროდ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ერთსა და იმავე ობიექტს 4-ჯერ ხსნიდნენ. თქვენ ნახეთ წერეთელზე ხიდი რა მდგომარეობაში იყო, მიხვდით, რომ თქვენი ისტერიკა არ ამართლებს და ტაქტიკა შეცვალეთ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.