აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნების მეორე ტურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არალეგიტიმურს უწოდებს. ლევან მგალობლიშვილის განცხადებით ე.წ. არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
"აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნები არის არალეგიტიმური. ჩვენი საერთაშორისო თანამეგობარი ქვეყნები ამას ადეკვატურ, პოლიტიკურ პასუხს გასცემენ და განაგრძობენ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული უკანონო ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. მე ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მივემგზავრები ჟენევაში, სადაც ჩატარდება საერთაშორისო მოლაპარაკების რიგით 63-ე რაუნდი და ეს საკითხი იქ იქნება ერთ-ერთი უმთავრესი", - აცხადებს ლევან მგალობლიშვილი.