სააკაშვილმა კანონი დაარღვია და თან ისეთი ფორმით, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რაიმე შეფასების სივრცეც კი დარჩეს. ეს ადამიანი უკრაინაში იმყოფებოდა და მეორე დღეს საქართველოში საზღვრის წესებისა და პროცედურების დარღვევით აღმოჩნდა. არაფერს ვამბობ ფორმაზე, არაჟნის კონტეინერით შემოიპარა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან საზოგადოება ლამის ექვს თვეში ერთხელ ახალ-ახალ დანაშაულს ხედავდა, რის გამოც მოსამართლემ არა შთანთქმის პრინციპით, არამედ დანაშაულის შეკრებითობის პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება.
„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა კანონი დაარღვია და მას სხვა დანაშაულებიც აქვს. სააკაშვილის გათვლა იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის წინ დემონსტრაციაზე თეთრი რაშით შემოსულიყო. არჩევნების წინა დღეს ან უშუალოდ არჩევნების დღეს მღელვარების წახალისება უნდა მოეხდინათ. ფაქტია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური წახალისებით, გამხნევებით თუ სხვადასხვა მეთოდით ხელს უწყობდნენ, რომ ეს ადამიანი ამ უკანონო პროცესების მონაწილე ყოფილიყო და რევოლუციურ პროცესებს საქართველოში ლოგიკური დასასრული ჰქონოდა. ევროპარლამენტარები, ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ფინანსურად, პოლიტიკურად ახალისებენ სააკაშვილსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც, რომ ქვეყანაში, როცა მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ, ხელისუფლების ხელში ჩაგდება მაინც შეძლონ. ამის მიღმა სამართლებრივი მოვლენა, რომ ადამიანმა ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ამას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.