2008 წელს უპასუხისმგებლო თუ უპრინციპო პოლიტიკის გამო რუსეთმა საქართველოს რეგიონების ოკუპირება შეძლო, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და სამწუხაროდ, მაშინ, ეს პროცესი ვერ შეჩერდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქმე როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება თითოეული ნაბიჯი გაანალიზების შედეგად უნდა გადაიდგას.
„ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვისაც და სხვებისთვისაც, რომ თითოეული ნაბიჯი გაანალიზების შედეგად გადაიდგას, როცა საქმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ერთის მხრივ, პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ტრამპმა ომი დაასრულოს და მეორე მხრივ, ევროპა აიძულონ, მეტი პასუხისმგებლობა შეიტანოს ევროპის უსაფრთხოებაში. რაც ვნახეთ, არც დასაწყისია და არც დასასრული. ეს გრძელვადიანი პროცესია. როგორ მოილაპარაკებენ, როგორ ივაჭრებენ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა ტრამპი ინსტრუმენტებს იყენებს, რათა უკრაინაში ომი დაასრულოს და ევროპა აიძულოს, უსაფრთხოებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებმა არ გაჭრა და ტრამპს ხისტი ნაბიჯების გადადგმა მოუწია.
„ჯერ ამ ორომტრიალს და ქარ-ცეცხლს ვუყურებთ, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებმა არ გაჭრა და ტრამპს ხისტი ნაბიჯების გადადგმა
მოუწია. ამ პროცესებიდან მთავარი გაკვეთილია, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს და ჩვენს ინტერესებზე სხვა არ იზრუნებს. ხელისუფლებამ ეს გაკვეთილი ნამდვილად ისწავლა, 2008 წლის გაკვეთილი კარგად გაიაზრა, რის გამოც ეს ნაბიჯები გადავდგით. რასაც ოპოზიცია აკეთებს, გულზე მჯიღის ცემა და ხმამაღალი განცხადებებია, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებსაც თუ შევხედავთ, მათაც ხმამაღალი განცხადებების გარდა კონკრეტული ნაბიჯები ისეთი არ გადაუდგამს, რასაც ამერიკა ითხოვს – სიტყვებზე მეტად საქმით შეიტანონ წვლილი უკრაინის სუვერენიტეტში. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უკვე დავიწყებას მიეცა. ლამაზი სიტყვების მიღმა რეალური საქმეა მნიშვნელოვანი. გლობალურ პოლიტიკას ლამაზი სიტყვები არ წყვეტს, კონკრეტული საქმე წყვეტს, რაც თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.