ზელენსკი ადამიანის უფლებების დარღვევაზე როცა საუბრობს, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელ ადგილს იკავებს საქართველო და რომელს უკრაინა, დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების თაობაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.
„ძალიან თავხედური გამოსვლა იყო. ადამიანის უფლებების დარღვევაზე როცა საუბრობს, ან ევროკომისიის ანგარიშს ჩახედოს, რომელ ადგილს იკავებს საქართველო და რომელს – უკრაინა, ან ინტერნეტსივრცეს, რომელიც გადაჭედილია იმგვარი ვიდეოებით, ჯარში გაწვევა როგორი იძულების წესით ხდება. ფაქტობრივად, ქუჩიდან იტაცებენ მოქალაქეებს. იქ რა ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი. როდესაც ასეთ პრობლემებში არის თავისი ქვეყანა და ასეთი მაღალი ტრიბუნით სარგებლობისას ბატონი ზელენსკი საქართველოს ახსენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.








