"სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის მონაცემებს არ აქვეყნებს - ორგანიზაციის გადაწყვეტილება კვლავ შეფასებების საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ორგანიზაციას, გამოაქვეყნოს დასკვნები.
"საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სერიოზული ბულინგის ქვეშ არიან, რადგან თავის ოფიციალურ დასკვნას არ ასაჯაროებენ. ჩვენ მათი პოსტი ვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კი ბატონოო, ჩვენ ვეთანხმებითო ცესკო-სო, ყველაფერი სწორად აქვსო დათვლილიო, თუმცა მაინც რაღაცა ბუნდოვანება დატოვეს და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ თავიანთი ანგარიში,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ, დარღვევების გამო, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. აქედან გამომდინარე, ისტორიაში პირველად, "სამართლიანი არჩევნები" ხმების პარალელური დათვლის მონაცემებს არ გამოაქვეყნებს.