ასეთი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე  ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გააკეთა.

„სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი და შესაბამისად, ის არ ითვლება, ნახეთ, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, გარიცხეს თუ არა ნიკა მელია პარტიიდან, ხაბეიშვილმა უპასუხა: „კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ თქვენ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ. საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი".  

პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვა/გაგდებასთან დაკავშირებით განმეორებით კითხვაზე ხაბეიშვილმა ასე უპასუხა:

„თქვენ გინდათ, რომ სიტყვა „გააგდეთ“ გითხრათ? ეს არის ამოცანა? ან „გაუშვით“? მოდით, ჩემს პასუხს გეტყვით: მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია. ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი".  

ამის შემდეგ მან კი ერთხელ აღნიშნა, რომ ნიკა მელია არ არის წევრი და არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას".

„მან თავად გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას და უკვე რვა თვეა ამას აკეთებს. მე და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. ახლა მეტსაც გეტყვით: რა ვიცი, იქნებ ხვალ, პირობითად, თქვას, რომ   იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მინდა ბრძოლა, დავამთავრე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი, „ნაციონალურ მოძრაობას", პირობითად, ვესროდი ტალახს"... „ხელმეორედ დაწერს განცხადებას და მივიღებთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
 
„ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“ - დაუწერეს ფურცელზე ლევან ხაბეიშვილს კითხვა გადაცემის წამყვანებმა.  

„არ არის, არ წარმოადგენს“, - დაწერა იმავე ფურცელზე ლევან ხაბეიშვილმა და პასუხს ხელმოწერა დაურთო.