არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმის, არ დაგაკომპლექსოთ ვირეშმაკებმა, რუსულმა პროპაგანდამ, უსაქმურმა ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა შეუძლიათ, გამოდით ყოველდღიურად და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როდესაც აქციას ვგეგმავდით და იცით, რომ 20 რიცხვი არის ფეიგინის დაანონსებული, მათ შორის, ჩემმა მეგობრებმა იკითხეს – იცი რა, სამუშაო საათებია, სამუშაო დღეა, მოვა ხალხი? აი, ბევრი რომ არ იყოს, იმ რაოდენობის რომ არ იყოს? – ნუ დაგვაკომპლექსებს, ჩემო ძვირფასებო. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების 80% - ის აზრს, ვისაც არ უნდა რუსეთი და ვისაც უნდა ევროპა. სულ რომ ერთმა ადამიანმა თქვათ ეს ჭეშმარიტება, არ შეგეშინდეთ სიმართლის თქმის, არ დაგაკომპლექსოთ მართლა ვირეშმაკებმა, რუსულმა პროპაგანდამ, უსაქმურმა ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა შეუძლიათ. არ დაგაკომპლექსოთ, გამოდით ყოველდღიურად და იბრძოლეთ ჩვენთან ერთად, ჩვენს მაგარ მეომრებთან ერთად, ქედელებთან, სენაკელებთან, ხაშურელებთან, რუსთაველებთან, ქუთაისელებთან, მცხეთელებთან, თბილისელებთან ერთად. გამოდით და ყველამ ერთად დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა რუსული კლანჭებიდან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების მიზანია, მათი ხმა გააგონონ მთავრობის წევრებს.
„დიახ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ხდება, რომ სამუშაო საათებში, სამუშაო დღეს ვართ კანცელარიასთან. დიახ, მთავრობის წევრები რომ არიან კანცელარიაში, უნდა გავაგონოთ ხმა – საქართველოს რუსების გარეშე გაუმარჯოს! საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! ჩემო ძვირფასებო, არაფრის მეშინია თქვენთან ერთად. არაფერზე დავიხევ უკან თქვენთან ერთად. არაფრის კომპლექსი არ მაქვს თქვენთან ერთად და ვიბრძოლებ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება გარანტირებული, ვიდრე პუტინის ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება დახსნილი და სანამ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.