„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, საუბრის თემა შეეხებოდა ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ბრძოლის თუ რა ხერხები უნდა იყოს გამოყენებული.
„საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვხედავთ, რომ „რუსული ოცნება“ ღალატობს ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს ყიდის რუსეთზე. ცხადია, ამ თემებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, პოლიტიკურ პატიმართან და მძევალთან.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად არავინ გაუსამართლებიათ და არავინ დაუჭერიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა. ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.
ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, სტრატეგიაზე, ბრძოლის რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ, რაც იქნება კონსტიტუციით გათვალისწინებული.
შევეხეთ გელათის თემას. ძალიან აინტერესებდა. ნიკა დეტალურად არის საქმის კურსში. 7 წელია გელათს ანგრევენ და, სამწუხაროდ ყველა დუმს, ვგულისხმობ სახელმწიფო დაწესებულებებს. წულუკიანის უწყება პირდაპირ ჩართულია გელათის დანგრევაში.
ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყოველი მე-3 ახალგაზრდა ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე.
ცხადია, ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, ამ მდგომარეობაში ყოფნა. ნიკას ყველაზე კარგად ესმის ამ პროცესის მნიშვნელობა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ საზოგადოებამ ეს უნდა აღიქვას, როგორც პირად პრობლემად.
ვისაუბრეთ ნიკას პოლიტიკურ პატიმრობაზე. მე საქმის კურსში ჩავაყენე, რომ ევროკავშირის ელჩთან, საფრანგეთის ელჩთან, რუმინეთის ელჩთან მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრე. უახლოეს დღეებში ასევე ვაპირებ ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრო, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, ასევე ნიკა გვარამიას თემის შესახებ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.