„საქართველო, რომელიც იყო ლიდერი რეგიონში და დღეს არის მაჩანჩალას როლში, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება“. - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, შარლ მიშელის მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ.
შარლ მიშელი 28 მარტს კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რასაც გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი და თქვა, რომ შარლ მიშელი საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო, სრულიად გასაგებია, თუ რატომ არ ჩამოვიდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლება ჰყავდეთ სულ წნეხის ქვეშ, რათა შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა;
„ბუნებრივია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო შარლ მიშელის დოკუმენტი და პრაქტიკულად არ სრულდება 12 პუნქტიანი გეგმა, ეს გადაწყვეტილება შარლ მიშელის, რომ არ ჩამოვიდა საქართველოში სავსებით გასაგებია. სამწუხაროა, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი ევროპულ პერსპექტივებთან მიმართებაში, დღეს მაჩანჩალას როლშია და ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო ხდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა შესრულდეს ეს 12 პუნქტიანი გეგმა და ამით უზრუნველვყოთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაშლა“. - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა