ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ, ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება, რადგან დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ პრაქტიკულად ომში ჩაერთო, ამიტომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, რომელიც არის საზღვარი ლიბანთან, კილომეტრის პერიმეტრზე ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანიას თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის მაცხოვრებლები, რომლებიც აშკელონში ცხოვრობენ და არ აქვთ თავშესაფარი, ევაკუირებული უნდა იყვნენ.
„ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდკილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს“, – განაცხადა ჟვანიამ.
ელჩის განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, აეროპორტი იკეტება.
„აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს. რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები. ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით. ასევე, სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ. დღეს მოხდა ასეთი კავშირი ახალგაზრდა დედასთან, იქ სამი შვილით იმყოფება და დავეხმარეთ, შეიძინა პირდაპირი ავიაბილეთი და დღეს საქართველოში მოემგზავრება. მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელდეს. როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მერე იწყება ნერვიულობა ჩვენს მოქალაქეებშიც, რომლებიც ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. როდესაც სწორ ინფორმაციას იგებენ, უფრო გონივრული ნაბიჯების გადადგმა იწყება. ზოგიერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს, ზოგს უნდა გამგზავრება ისრაელიდან საქართველოში და ასეთ ადამიანებს ვაკვალიანებთ“, – განაცხადა ელჩმა.