შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხარეებს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდეს, ჯერ ამოწურული არ არის , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და განმარტა, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებების გამო შეიძლება ავიწროებენ, შესაძლებლობა მაინც ამოწურული არ არის. კარგად გახსოვთ, თუ როგორ ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები, ღია და გამჭვირვალე პროცესი იყო, 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არც ერთ მხარეს პრობლემა არ ჰქონია, წაგებულმა მხარემ მოგებულ მხარეს მიულოცა. შემდეგ განვითარდა პროცესები, რაც მართლა არასასურველი იყო, ეს იყო შეცდომა, როცა ახალი პოლიტსაბჭო აირჩია ყრილობამ, სადაც ბევრი ის ადამიანი ვერ მოხვდა, რომელიც მოქმედ პოლიტსაბჭოში იყო, თან ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ. ძალიან ბევრი, გულანთებული თანამებრძოლი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, განაწყენდა, მათი ასეთი რეაქცია ბუნებრივია. ამას სხვა პროცესებიც მოჰყვა, საქართველოს რეგიონებში. თუმცა, ჯერჯერობით, ამოწურული არ არის ის შესაძლებლობები, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდეს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კითხვაზე, თუ ვისთანაა მოლაპარაკების რესურსი დარჩენილი, ნაყოფია ასე პასუხობს:
„მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ პარტიაში არ არსებობდეს არანაირი გავლენის ჯგუფები, პარტიას ჰყავს მენეჯმენტი, თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო. იმ პოლიტსაბჭოში, სადაც მე თავმჯდომარე ვიყავი, იმდენად იყო აზრთა სხვადასხვაობა და იმდენად იყო რთული ნებისმიერი საკითხის გატანა, რადგან ბევრი საინტერესო ლიდერი, განსხვავებული მოსაზრებით ადამიანი მოდიოდა ამა თუ იმ საკითხზე განსახილველად, ბევრი კამათი, აზრების შეჯერება იყო, ეს იყო დემოკრატიული და კარგი პროცესი პარტიაში“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კითხვაზე, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ნაყოფია პასუხობს, რომ თუკი გარკვეული შეთანხმება მოხდება, პარტიაში გავლენის ჯგუფები აღარ იარსებებს, რაც სწორედ შეთანხმების ნაწილი იქნება.
„ერთ რამეს გეტყვით მხოლოდ - თუ გარკვეული ტიპის შეთანხმება შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი გავლენის ჯგუფები, არანაირი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გარედან ახდენენ გავლენას „ნაციონალური მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან სხვა მიმართულებით, არ იარსებებს, ეს იქნება შეთანხმების უმთავრესი ნაწილი“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.