ახლა, ამ მომენტისთვის არ შემიძლია, არც ერთი პარტიის დასახელება, ვისთანაც თანამშრომლობას, საარჩევნო ერთიანობას ვაპირებთ, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საარჩევნო ბარიერს არ დაწევს, გეგმავს თუ არა „რესპუბლიკური პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეურ თანამშრომლობას.
„მაგალითად, დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ვერცერთ პარტიას ვერ დავასახელებ ასეთს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც რომელიმე სხვა პარტიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები არ დავიწყებთ თანამშრომლობაზე საუბარს. იმიტომ, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ბარიერი არის 5%, ჩვენ მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს, რაც ჩემი აზრით, არის სერიოზული დარტყმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მრავალფეროვნება, ბევრი პარტია, ბევრი შეხედულება და ბევრი პარტია წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს. უბრალოდ, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, კი, ერთმანეთთან თემატური თანამშრომლობა, იდეების საფუძველზე ერთად დგომა და არა უბრალოდ შეკრება და ერთიანი სიის გაკეთება“, – განაცხადა სამნიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ის, რომ ნიკა მელიამ შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ წრეებში არის ამაზე საუბარი და ეს არარეალისტურად არ მიაჩნია.
„საჯაროდ არის ცნობილი, რა დაპირისპირებაა პარტიაში. ბუნებრივია, ის ახალგაზრდაა, პოლიტიკოსია, ლიდერი იყო ამ პარტიის, სერიოზული მხარდაჭერაც აქვს, ჩემი აზრით და რეალისტურიც მგონია, რომ შექმნას პარტია. ეს სიურპრიზიც არ მგონია. არის საუბარი კი, სხვადასხვა წრეში საუბრობენ, რომ შესაძლებელია, შეიქმნას პარტია, კიდევ სხვა პარტია და ა.შ. ქართულ პოლიტიკას ახასიათებს არჩევნების ახალი პარტიების შექმნა და არ მგონია, ეს ამომრჩეველს გაუკვირდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.