„ქართულმა ოცნებამ“ „ჩაიხვია“, როგორც ხედავთ, უკვე მესამე დღეა ერთსა და იმავე ტექსტს ამბობს ბატონი კობახიძე და ერთი და იგივე მეთოდით, არაფერი ახალი დღეს არ შემოუთავაზებიათ და ნუ იმუქრებიან, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უბრალოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არ აძლევენ ოპოზიციას უფლებას, რომელსაც აქვს საკმარისი ხმა, შექმნას საგამოძიებო კომისია. „ქართული ოცნება“ არის შეშინებული, მან ძვრა ვერ უქნა ოპოზიციას, მცდელობები იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ძალიან კარგად იციან, რომ მომდევნო სხდომებზეც ოპოზიცია მობილიზებული იქნება. შემდეგი სხდომა იმართება ერთ კვირაში. ოპოზიციას შეგვიძლია დავიგეგმოთ, შევთანხმდეთ. როგორც იცით, დღის წესრიგშია კენჭისყრა. ამ საკითხს კენჭისყრის სიიდან „ქართული ოცნება“ ვერ ამოიღებს. ამიტომ, მათ ან უნდა გააგრძელონ პარლამენტის ბლოკირება ან ხელი არ შეგვიშალონ ჩვენი კონსტიტუციური უფლების აღსრულებაში, რომ საგამოძიებო კომისია შევქმნათ. თუ „ქართული ოცნება“ ჩასაფრებულია და ელოდება რომელიმე ოპოზიციონერი როდის გხდება ავად ან როდის დატოვებს ქვეყანას, ძალიან ცდებიან, ამით სასაცილოდ იგდებენ თავს“,- განაცხადა სამნიძემ. მისი განმარტებით, ბოლო დღეებში დადასტურდა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში „კლანს“ მფარველობს.
ერთი და იგივე მეთოდებით ოპოზიციისთვის ხელის შეშლა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ „ქართული ოცნება“ თავად არის ამ „კლანის“ ნაწილი. 3 ადამიანი მინდა დავასახელო: ბატონ კობახიძე, პირველ რიგში,ასევე, ბატონი სპიკერი, შალვა პაპუაშვილი და ბატონი მდინარაძე. ეს ადამიანები ხელს უწყობენ, რომ პარლამენტი არ მუშაობდეს, არ იღებდეს კანონებს. ხელს უწყობენ ასევე, რომ „ქართული ოცნება“ „კლანს“ გადაეფაროს. ისინი არიან თავად „კლანის“ ნაწილი“, - განაცხადა სამნიძემ.
ინფორმაციისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია ამჯერადაც არ გაიარა.