სამწუხაროა ეს, მაგრამ მე ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დასრულდეს ეს კრიზისი და ამ კრიზისის დასრულების ერთერთი გამოსავალი არის პარტიის გაყოფა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხაუნა სამნიძემ განაცხადა და განმარტა, რომ მისთვის მოულოდნელი არაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტოვებენ პარტიას.

„იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დატოვებენ პარტიას და პარტია გაიყოფა, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს. სამწუხაროა ეს, მაგრამ მე ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დასრულდეს ეს კრიზისი და ამ კრიზისის დასრულების ერთერთი გამოსავალი არის პარტიის გაყოფა. ბათუმის ორგანიზაციიდან კონკრეტული პარტიის პირების გასვლის დაწყება ნიშნავს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩემი აზრით, ნიკა მელიაც უკვე თავისი განცხადებითაც იტყვის, რომ გაემიჯნა პარტიას და ქმნის ახალ პარტიას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ.