“ქართული ოცნება" უკვე იმსახურებს ლუკაშენკოს კრიტიკასაც კი, რომელიც საკუთარი ხალხის ოკუპირებას ახდენს , - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებაზე, სადაც აღნიშნა, რომ  "რატომღაც, არც ისე საამაყოდ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს, ის პრეზიდენტი იყო".

„წარმოუდგენელია, რომ უკვე იმ კონდიციამდე მოვიდნენ, ლუკაშენკოც კი აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". რეალურად ყველას ესმის, რამდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. "ქართული ოცნება" უკვე იმსახურებს ლუკაშენკოს კრიტიკასაც კი, რომელიც საკუთარი ხალხის ოკუპირებას ახდენს", - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ასლან ბჟანიას ბელარუსში ე.წ. ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით პუტინის კარნახით იმოქმედებს.

„ლუკაშენკო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც პუტინი უკარნახებს, ამიტომ პარტნიორებთან ერთად - აშშ, ევროკავშირი , უნდა ვაკეთებდეთ ყველაფერს, რომ საქართველომ არაღიარების პოლიტიკა გააგრძელოს”, - განაცხადა დეკანოიძემ.