პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან - ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან უსაფრთხოების საკითხებს, პოლიტიკურ პატიმრებს და საქართველოს მომავალს შეეხება.

,,მე გუშინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავბრუნდი, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში გახლდით. მინდა დავადასტურო ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მზადყოფნა საქართველოს დემოკრატიის და უსაფრთხოების განვითარებაში. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც მე მოვისმინე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ის გზავნილი, რომელიც დღეს სენატორებს შაჰინს და დურბინს ექნებათ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდანაც სათქმელი არის პირველ რიგში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ საქართველოს დადებული ვალდებულებების შესრულების ერთგულება, რაც არის უპირობო და რაც უნდა იყოს უპირობო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება პარლამენტში და მე გამოვყოფდი იმ ანტიდასავლური კანონმდებლობის შემოტანას, რომელიც ,,ქართული ოცნების” დანაყოფმა შემოიტანა. ეს შეეხება ასევე, უსაფრთხოების საკითხებს, პოლიტიკურ პატიმრებს (ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნიკა გვარამიას პატიმრობა), რა თქმა უნდა, საქართველოს განვითარებას და მომავალს. დარწმუნებული ვარ სენატორებს ექნებათ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთვის”, - განაცხადა დეკანოიძემ.