"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონპროექტის ორივე ვარიანტი რუსული კანონია.

 როგორც ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონპროექტი ევროკავშირში ინტეგრაციის დესტრუქციაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, საქართველოს კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი გრძელდება. რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის დეპუტატების, „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირდა რუსული კანონპროექტი, რომელიც ყველანაირ ჟანგბადს უსპობს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კანონპროექტი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეფასდა როგორც რუსული კანონპროექტი, გამოეხმაურა კელი დეგნანი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირმა თქვა, რომ ნებისმიერი ამ კანონპროექტის სახეცვლილებით მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, იყო გაეროს განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მდგრადი განვითარება საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ეს კანონპროექტი მიიღება.

რამდენიმე კვირის შემდეგ კი, დღეს ბიუროზე რეგისტრირდება კანონპროექტის მეორე სახეცვლილება, რომელიც ვითომ გაცილებით ხისტი ვარიანტია და ითვალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე, ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებას ამ პოლიტიკური ეგზეკუციის ნორმების. მაგრამ რეალურად, თუ ამ კანონპროექტის დარეგისტრირება ხდება დღეს და ამ ორი კანონპროექტის ერთობლივ განხილვაში შევა პარლამენტი, ეს საზოგადოებას არანაირ ცვლილებას არ მისცემს. ორივე ვარიანტი რუსულია. ეს არის რუსული კანონპროექტის იმ შინაარსის ქაღალდი, რომელიც დესტრუქციას უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება. ეს კანონპროექტი არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება