ბატონო თავმჯდომარევ, ანრი ოხანაშვილი, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, ქალებს აყენებს შეურაცხყოფას. მოახდინეთ ამაზე რეაგირება, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„ამ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ გამოიყენა სექსისტური და დამაკნინებელი განცხადებები - სასაცილოა ეს? „დამამშვიდებელი დალიეთ“, ამას რომ ეუბნებით ოპოზიციონერ ქალ კოლეგას, ეს არის სექსისტური.

ბატონო თავმჯდომარევ, მესმის, რომ ნომინალურად ხართ პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია აქ ყველაფერი, მაგრამ უნდა გქონდეთ ამაზე რეაგირება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მე მგონი, ეს არის სექსისტური და მასტიგმატიზებელი განცხადება, რასაც თქვენ ამბობთ“.