პარტია "ხალხის ძალა"-ს განცხადება.
"გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებულად და ჩვენი ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სტარტს აიღებს. პირველ რიგში, გვსურს მივულოცოთ საქართველოს ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავი, რამეთუ ანაკლიის პორტი ნიშნავს უპრეცედენტო ინვესტიციას ქვეყნის ეკონომიკაში, ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებს და რაც მთავარია - საქართველო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას - ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი უმთავრესი დერეფანი აზიასა და ევროპას შორის
. ბოლო ორ წელიწადში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველანაირად ცდილობენ ჩინეთთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებას, შედგა არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი ევროპული ქვეყნების ლიდერებსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და ფუნქციას ანიჭებს ჩვენს პატარა, ლამაზ საქართველოს. ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა. ჩინეთთან გაღრმავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე, რაც კიდევ უფრო გამყარდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბოლოოდ გადაწყვეტის საკითხით, გლობალური ომის პარტიის მესვეურებმა დაუყონებლივ გამოიყვანეს ასპარეზზე თავიანთი აგენტურა და საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ უსამშობლო რადიკალს ისიც კი ათქმევინეს, რომ თითქოს საქართველომ ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა პორტის მშენებლობაზე. ესეც მორიგი იაფფასიანი ტყუილი და სპეკულაციაა. როგორც მოგეხსენებათ, პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გრძელვადიან პერიოდში არც ერთ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია. არადა საქართველოს მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, რომ პროექტი სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელებულიყო. უფრო მეტიც, გვაქვს ინფორმაცია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე იყო არაერთი კომუნიკაცია და შეთავაზება ამერიკის ოფიციოზის მიმართ, რომ სწორედ მათ აეღოთ პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა და შემოეყვანათ კომპანია, რომელიც ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებდა, მაგრამ აქაც ნულოვანი ინტერესი იქნა გამოჩენილი.
მარტივ და რიტორიკულ კითხვას დავსვამთ - ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მოწოდებული იყო ქვეყანაში ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა, რა გახდა შეფერხების და უარის მიზეზი? ნუთუ „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ვერ მოიძია ერთი კომპანია, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებდა? ამ ფონზე კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერს სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება". რეალურად, პრობლემა სხვა რამეშია... პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესი არ არის არც საქართველოს და მით უმეტეს, არც ევროპის ეკონომიკის გაძლიერება და აქ წარმატებული პროექტების განხორციელება. უფრო მეტიც, ამერიკის ინტერესი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, ევროპის ეკონომიკის დასუსტება და დანგრევაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და თანაც, ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ომის ქარცეცხლში ხვევს ქვეყნებს.
ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. შედეგად ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, კი ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება. ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის. აი, ასე გამოიყურება ციფრებში ამერიკული „სტრატეგიული პარტნიორობა“. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანული „მერსედესის“ წარმოება იაფი მუშა ხელის არარსებობის გამო სწორედ ამერიკაში გადავიდა და მსგავსი მაგალითები არაერთია. აი, სწორედ ეს არის ამერიკული „დახმარების“ ხელწერა, თორემ ერთ ადამიანსაც კი ვერ დავარწმუნებთ, რომ ამერიკის მთავრობას ჰქონდა სურვილი, მაგრამ ამერიკამ ვერ მოახერხა პორტის აშენება.
ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორებს“ არანაირი სურვილი არ აქვთ, თავიანთი პოლიტიკა ეკონომიკას დაუკავშირონ და ამ ფორმით სცადონ თავიანთი ინტერესების გატარება. მათ უნდათ, რომ უხეშად, რევოლუციური გზით დააბრუნონ ხელისუფლებაში აგენტურა და მათი ხელით გაატარონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები. მათი მთავარი ინტერესია, რომ პორტი არ აშენდეს და აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკისთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ პროექტის ხელში აღება.
აქვე, ორი სიტყვით, ხანდაზმული თაღლითების, ხაზარაძე/ჯაფარიძის თემასაც შევეხებით, რადგან მათაც აქვთ პრეტენზია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუშალა პორტის მშენებლობაში. ეს ორი სუბიექტი ჩვენგან დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თაღლითებმა ვერც ერთი ინვესტორი ვერ დააინტერესეს, პროექტი რამდენჯერმე გადადეს, ბოლოს კი იქამდე მივიდნენ, რომ მთავრობას თხოვდნენ ტვირთების მოზიდვის გარანტიას, ხოლო თავად უნდა დამსხდარიყვნენ და მოგება დაეთვალათ.
რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს." - ნათქვამია "ხალხის ძალის" გავრცელებულ განცხადებაში.