საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს" ეძახიან.
ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით ერთი საათის წინ გაათავისუფლეს.
ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით ჩიტაძის ქუჩიდან შედიან, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მათი ნაწილი პარლამენტის წინ, ნაწილი პარლამენტის შენობის უკან, ხოლო ნაწილი გვერდითა ქუჩებზე იმყოფებოდა. გამთენიისას სიტყვით გამომსვლელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, ყველას პარლამენტის უკან გადაენაცვლა. დილის 06:00 საათისთვის ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ისინი ბლოკავდნენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდეს, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ, რის შემდეგაც, სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ნელი სვლით ორი მიმართულებით დაიძრნენ. შედეგად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებისკენ უკან დახევა მოუწიათ.