უნდა გვახსოვდეს, რომ FARA მიღებული იქნა 1939 წელს ნაცისტების წინააღმდეგ. ეს არ არის იგივე სიტუაცია. ამერიკული FARA მიემართება ლობისტებს, კომპანიებს, რომლებიც დაქირავებულია უცხო ქვეყნების მიერ, რომლებიც მუშაობენ უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის, მისი სამიზნე ნამდვილად არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ინდივიდი. ძალიან განსხვავებული კონცეფციაა. - – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით "იმედის"ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს კარგი კანონმდებლობა, რაც აძლევს მთავრობას რომ ნახოს, რაში იხარჯება საზღვარგარეთის დახმარება,
კელი დეგნანმა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.:
ჟურნალისტი: „გასულ თვეში ჩვენ ვნახეთ ვნებათაღელვა ორი კანონპროექტის გარშემო, ერთი იყო ამერიკული FARA-ს პირდაპირ თარგმანი და მეორე, როგორც ავტორები ამტკიცებდნენ, ეს იყო შერბილებული ვერსია FARA-სი, რომელიც, გარდა დეკლარირებისა, სხვა ფუნქციასა და შინაარსს არ ითვალისწინებდა. ამ თემაზე მთავარი იარლიყი იყო რუსული კანონი. ბოლო კვირებმა აჩვენა, რომ გამჭვირვალობის თემაზე ანალოგიურ საკითხებზე მსჯელობს არაერთი ქვეყანა, მათ შორის ევროპარლამენტშიც, „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივა ალბათ იცით, რომ სწორედ ამ თემას ეხება. საინტერესოა, ამ საკითხზე თქვენი პოზიცია, რადგან საზოგადოებაში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, თუკი ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ამაზე მსჯელობენ, მაშინ რატომ არის ეს კანონი რუსული საქართველოში?“ – ელჩმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არ იყო ამერიკული კანონის მსგავსი.
კელი დეგნანი: მე არ ვეთანხმები თქვენს განცხადებას, რომ ეს კანონი იყო მსგავსი ამერიკის კანონის ან სხვა კანონების, რაც განიხილება. ეს იყო კრემლით შთაგონებული კანონი, რომელიც მიზნად იღებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და იარლიყს მიაწებებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და მათ ჯაშუშებს და უცხო აგენტებს უწოდებდა. ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობს საქართველოსთვის და უსამართლოა, დაადანაშაულო ენჯეო, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს. თუ შეხედავთ, რა ეფექტი, რა შედეგი ჰქონდა რუსეთში, დაინახავთ, რომ მან გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და ჩაახშო ხმა, ეს უნდა საქართველოს? რადგან ამას გააკეთებდა ეს კანონი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ჟურნალისტი: „კანონის ავტორები აცხადებენ, რომ ამ კანონში არ იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც არის რუსულ კანონში, არ ითვალისწინებდა კონკრეტული ორგანიზაციების მარკირებას, არ ითვალისწინებდა აუდიტის შესვლას რამდენიმე თვით და ხელისუფლების მიერ შეჩერებას მათი საქმიანობის. ისინი ამბობდნენ, რომ ეს კანონი ემსახურებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ავტორთა ამ არგუმენტებზე დაყრდნობით რა შეგიძლიათ თქვათ?“
კელი დეგნანი: „შეიძლება, ჩვენ წავიკითხეთ სხვადასხვა კანონი, რადგან მე რაც წავიკითხე, კანონი აძლევდა საშუალებას იუსტიციის სამინისტროს, ჩაეტარებინა გამოძიება და უფრო შორს წასულიყო. ეს აძლევდა ძალიან დიდი ჩარევის უფლებას იუსტიციის სამინისტროს და მას ექნებოდა იგივე შედეგი, რაც რუსულ კანონს, სადაც დავინახეთ, თუ როგორ დაიხურა ორგანიზაციები, როგორ ჩაჩუმდა. ეს ნამდვილად შეავიწროებდა ქართულ ორგანიზაციებს. ეს ორგანიზაციები საქართველოში მუშაობენ ბევრ სასარგებლო საქმეზე, იქნება ფერმერების, ბიზნესორგანიზაციების თუ სხვა, ყველა მოექცეოდა ამ არეალში.
ქართული კანონმდებლობით უკვე არსებობს გარკვეული რეგულაციები გამჭვირვალობაზე. ყოველ სამ თვეში ერთხელ USAID-ი აწვდის უამრავ დოკუმენტაციას პარლამენტს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რაში ეხმარება USAID-ის ფინანსური დახმარება. ასე რომ, ეს არ იყო საკითხი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობისთვის, საგადასახადოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასე რომ, გამჭვირვალობა აქ არ არის მთავარი საკითხი, რადგან არსებობს რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ზუსტად ასახავს რუსულ კანონს, მას ექნებოდა გამანადგურებელი შედეგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე“, – აღნიშნა ელჩმა.
ჟურნალისტი: პრობლემა იქნებოდა თუნდაც მეორე კანონის დამტკიცება, რომელიც პირდაპირი თარგმანი იყო ამერიკული FARA-სი, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკული კანონის სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება.
კელი დეგნანი: უნდა გვახსოვდეს, რომ FARA მიღებული იქნა 1939 წელს ნაცისტების წინააღმდეგ. ეს არ არის იგივე სიტუაცია. ამერიკული FARA მიემართება ლობისტებს, კომპანიებს, რომლებიც დაქირავებულია უცხო ქვეყნების მიერ, რომლებიც მუშაობენ უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის, მისი სამიზნე ნამდვილად არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ინდივიდი. ძალიან განსხვავებული კონცეფციაა. არ ვიცი, რა საკითხის მოგვარებას ცდილობდნენ. ერთ დღეს ამბობდნენ, ეს არის გამჭვირვალობა. ჩემი აზრით, თქვენ გაქვთ უკვე კარგი კანონმდებლობა, რაც აძლევს მთავრობას, ხელისუფლებას საშუალებას, რომ ნახოს, რაში იხარჯება საზღვარგარეთის დახმარება. მე ვარ პასუხისმგებელი ამერიკის მთავრობის, ამერიკის კონგრესის წინაშე, თუ რაში ეხმარება ეს ჩვენი დახმარება ქართველ ხალხს“.