თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და შესაბამისი რეფორმები განახორციელა.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოფიციალური გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც იყო მითითებული. რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს, რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა მზადაა, რომ რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები მომავალშიც გადადგას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილება იყოს, თუმცა დაველოდოთ. დეკემბერში უკვე ოფიციალურად იქნება ცნობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას აღნიშნული სტატუსი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, რადგან რეალურად, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელებულიყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებში ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
„ეს სამწუხარო რეალობაა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში დღესაც მოიძებნებიან ისეთი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა იმისა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და ნიკა გვარამია. კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვამბობ. ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, რადგან უცხოელი მეგობრები ამაზე პირდაპირ გვესაუბრებიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი - ვინ არიან ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს და განვითარებას. ალბათ ქალბატონი სამნიძეც დაადასტურებს და დაასახელებს, ვინ არიან ეს ადამიანები. შეიძლება დღეს შენ იყო ოპოზიციაში და რაღაცაში არ ეთანხმებოდე ხელისუფლებას, გქონდეს პოლემიკა, განსხვავებული აზრი, მაგრამ როდესაც საუბარია ევროპულ მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე და ყველაფერ ამას ეწინააღმდეგები, ხელს უშლი, ეს ძალიან დიდი ბოროტება და მავნებლობაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.